ბლუმის ტაქსონომია


ბენჟამინ ბლუმი — ამერიკელი განათლების ფსიქოლოგი (1913-1999); ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი
ბენჯამენ ბლუმმა შექმნა სწავლის მიზნებისა და სწავლების შედეგების ისეთი სისტემა, რომელიც გამოდგება სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ობიექტური შეფასებისთვის. ეს სისტემა „ბლუმის ტაქსონომიის“ სახელითაა ცნობილი.ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების საფუძველზე ჯგუფების, კატეგორიების გამოყოფის სისტემა.
ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში
არსებობს სხვადასხვა სააზროვნო (შემეცნებითი) უნარების კლასიფიკაციები, რომელთა ცოდნაც დაეხმარება მასწავლებელს, უკეთ დაგეგმოს სწავლების პროცესი და მოახდინოს მოსწავლის აზროვნების აქტივაცია.
ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისათვის. ზოგადად, ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ბლუმის (Bloom, et al, 1956) მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი – ზედა დონეში.

ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას;

ბლუმის მიხედვით, ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების,
ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება;
კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა;
ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა;
კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშულებების ცოდნა: ა) წესების და კანონების ცოდნა; ბ) კლასიფიკაციებისა და კატეგორიების ცოდნა; გ) კრიტერიუმების ცოდნა; დ) მეთოდების ცოდნა;
სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით.

0 comments:

Post a Comment